“ლივერპული” 4-0 “ბარსელონა”: იურგენ კლოპმა “ბარსელონა” გაანადგურა
ინგლისურმა “ლივერპულმა” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო მატჩში კატალონიური “ბარსელონა” გაანადგურა, ანგარიშით 4-0.
ანგარიში სადიო მანემ, მატჩის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ გახსნა – ადამ ლალანას დიდებული პასის შემდეგ, “ლივერპულის” ახალწვეულს მხოლოდ ზუსტი დარტყმა უნდა შეესრულებინა და შეასრულა კიდეც.
გოლის გაშვების შემდეგ, კატალონიელები შეტევაზე გადაერთნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა მატჩში მეორე გოლი მაინც ინგლისელებმა გაიტანეს – ხავიერ მაშერანოს ავტოგოლით.
მეორე გოლიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ დივოკ ორიჯიმ სხვაობა სამამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს კი თავი “წითლების” კიდევ ერთმა ახალწვეულმა, მარკო გრუიჩმა გამოიჩინა.
შესაძლოა, ანგარიში მატჩის სურათს ზუსტად ვერ ასახავდეს, თუმცა ფაქტია, რომ იურგენ კლოპის “ლივერპულმა” ლუის ენრიკეს “ბარსელონა” გაანადგურა.