„ლივერპული“ ჩემპიონობაზე არ ფიქრობს
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ჯერჯერობით არავითარი მიზანი არ დაუსახავს. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელებს სატურნირო ცხრილის პირველი ადგილი აქვთ დაკავებული, „ენფილდროუდელთა“ თავკაცი ჩემპიონობაზე არ ფიქრობს. როჯერსი მიიჩნევს, რომ გაცილებით ნათელ სურათს პრემიერლიგის 10 ტურის გასვლის შემდეგ მივიღებთ. სწორედ მაშინ იტყვის „წითლების“ დამრიგებელი, თუ რა მიზანი აქვს გუნდს.
„ჩემპიონატის შესაძლო მოგებაზე სულაც არ ვფიქრობ. ერთადერთი რამ, რაზეც ფოკუსირებას ვახდენ, ეს დამდეგი მატჩია. შედარებით კონკრეტულ მიზანს ჩემპიონატის 10 შეხვედრის შემდეგ დავისახავთ. სწორედ ამ დროს მივიღებთ გაცილებით ნათელ სურათს, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო რეალურად შევხედოთ მდგომარეობას. ჯერჯერობით გუნდის საქმეები კარგად მიდის – სამი გამარჯვება და ერთი ფრე ოთხ შეხვედრაში. წინ კიდევ გრძელი გზაა“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში „ლივერპული“ ძირითად მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ისახავს, თუმცა „წითლებს“ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა 2009/10 წლების სეზონის შემდეგ არ მიუღიათ, გუნდმა წელს ვერც ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
ბექა დოგრაშვილი