“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია (ვიდეო)
“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებულია. მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართულ ფინალურ შეხვედრაში მერსისაიდულმა გუნდმა ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპური” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩი საოცრად დაიწყო. “ლივერპულის” პირველივე შეტევისას “დეზების” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, საკუთარ საჯარიმოში ხელით მუსა სისოკომ ითამაშა. თერთმეტმეტრიანი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და მეორე წუთზე “წითლები” უკვე დაწინაურდნენ – 1:0. პირველი ტაიმი ისე მიილია “ტოტენჰემს” მეტოქის კარში არ დაურტყამს, “ლივერპულმა” კი მშვიდ ტემპში ჩაამთავრა 45 წუთი.
მატჩის მეორე ნახევრის დიდი ნაწილიც მდორედ წარიმართა. “ტოტენჰემს” წონასწორობის აღდგენის რამდენიმე მცდელობა კი ჰქონდა, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიიყვანა და მატჩის მიწურულს საკუთარ კარში მეორე ბურთიც მიიღო. ამჯერად გოლი შეცვლაზე შესულმა დივოკ ორიგიმ გაიტანა – 2:0.
ამრიგად, “ლივერპულმა” 14 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა კვლავ მოიგო, სულ კი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული მეექვსედ გახდა და ამ მხრივ “ენფილდროუდელებს” მესამე ადგილი უკავიათ.
ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“ტოტენჰემი” — “ლივერპული” 0:2 (0:1)
“ტოტენჰემი”: ლორისი; ტრიპიერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი; ვინქსი (ლუკას მოურა 66′), სისოკო (დაიერი 74′); სონი, ერიქსენი, დელე ალი (ლორენტე 82′); კეინი.
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო.
“ლივერპული”: ალისონი; ალექსანდრ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 62′); სალაჰი, მანე (ჯო გომესი 90′), ფირმინო (ორიგი 58′).
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: სალაჰი 2′ (პენ), ორიგი 87′.
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).