“ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალშია (ვიდეო)
უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “ვილიარეალს” შორის გამართული საპასუხო მატჩი მერსისაიდული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ესპანელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული.
“წითლებმა” მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მთელი შეხვედრა მათი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ესპანელები კი მეტად ინერტულად მოქმედებდნენ. “ენფილდროუდელები” მე-7 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ბრუნო სორიანომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. 63-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა “წითლების” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. “ვილიარეალის” სიტუაცია 71-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვიკტორ რუისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ზუსტად ათ წუთში ადამ ლალანამ მესამედ შეარხია “ვილიარეალის” კარის ბადე და ესპანელთა იმედებს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი — 3:0.
ამრიგად, “ლივერპული” ევროპის ლიგის ფინალში ითამაშებს, სადაც ინგლისელთა მეტოქე “სევილია” იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, დონეცკის “შახტარის” ბარიერი დაძლია. ფინალური შეხვედრა ბაზელში, 18 მაისს გაიმართება.
ევროპის ლიგა
ნახევარფინალი (საპასუხო მატჩი)
“ლივერპული” — “ვილიარეალი” 3:0 (1:0)
გოლები: ბრუნო სორიანო 7′ (ა.გ.), სტარიჯი 63′, ლალანა 81′.
გაფრთხილებები: კლაინი 35′ — ვიკტორ რუისი 30′, სოლდადო 40′, დენის სუარესი 90+4′.
გაძევება: ვიკტორ რუისი 71′.