“ლივერპული” მერსესაიდულ დერბიში “ევერტონთან” დამარცხდა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შაბათი სათამაშო დღე “ენფილდზე” დაიხურა. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა სტადიონმა მერსესაიდულ დერბის უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად “ევერტონმა” მერსესაიდულ დერბიში ანგარიშის გახსნა შეძლო – მატჩის მესამე წუთზე რიჩარლისონმა შეაგდო ალისონის კარში.
შეხვედრის დარჩენილ პერიოდში იურგენ კლოპის შეგირდები მაქსიმალურად ცდილობდნენ გამათანაბრებელი გოლის გატანას, თუმცა ამაოდ. საბოლოო შედეგი გილფი სიგურდსონმა დააფიქსირა 82-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
ასე რომ, 25 მატჩში დაგროვებული 40 ქულით “ლივერპული” ამ დროისთვის მეექვსე პოზიციას იკავებს და 16 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.