„ლივერპულის“ გაუარესებული ფინანსური მაჩვენებელი და მომავლის იმედი
„ლივერპულის“ ბოლო ფინანსურ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ კლუბმა 50 მილიონი ფუნტ სტერლინგის ოდენობის დანაკარგი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრუნვა 206,2 მილიონით გაიზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. Deloitte Football Money League-ის ავტორიტეტულ რეიტინგში მერსისაიდული გუნდი ბოლო 14 წლის მანძილზე პირველად ვერ მოხვდა საუკეთესო ათეულში, „წითლები“ მე-12 პოზიციაზე არიან.
„ლივერპულის“ აღმასრულებელი დირექტორი იან ეირი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა კლუბს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„ვიცით, რატომაც ვართ რეიტინგის მე-12 ადგილზე. მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ ევროთასებზე არ ვმონაწილეობთ. გარდა ამისა, სტადიონი არ გვაძლევს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროთასებს დავუბრუნდეთ. იმედი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით“, – ეირის სიტყვებს Liverpool Echo ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდულ გუნდს პრემიერლიგის 28-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი აქვს დაკავებული.
ბექა დოგრაშვილი