“ლივერპულმა” ამჯერად “ნიუკასლთან” დაკარგა ქულები (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური “ნიუკასლისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” ძალიან საინტერესო დაპირისპირებამ დახურა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ამ მატჩში ანგარიში “წითლების” ბრაზილიელმა “ჯადოქარმა”, ფილიპე კოუტინიომ გახსნა 29-ე წუთზე, შვიდი წუთის შემდეგ კი ჰოსელუმ ჯონჯო შელვის პასი გამოიყენა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.
შვიდი ტურის შემდეგ “ლივერპულის” ანგარიშზე სამი მოგება, სამი ფრე და ერთი წაგებაა. შესაბამისად იურგენ კლოპის ბიჭები 12 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან, რაფა ბენიტესის შეგირდები კი – მეცხრეზე 10 ქულით.
მომდევნო ტურში “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდება, “ნიუკასლი” კი “საუთჰემპტონს” ეწვევა.