“ლივერპულმა” ჩემპიონობის აღნიშვნამდე რვაგოლიან თრილერში იმარჯვა (ვიდეო)
22 ივლისს ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტური “ლივერპულისა” და “ჩელსის” უხვგოლიანმა დაპირისპირებამ დახურა. აღნიშნული მატჩის ბოლოს “ლივერპულს” ჩემპიონობა უნდა ეზეიმა, “ჩელსის” კი ქულები ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასანაღდებლად სჭირდებოდა.
მატჩი განსაკუთრებული სილამაზის გოლებით გამოირჩა. ანგარიში ნაბი კეიტამ გახსნა უძლიერესი დარტყმით, რასაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოყვა. 43-ე წუთზე ვეინალდუმმა გამანადგურებელი გახადა “წითლების” უპირატესობა, ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე კი ოლივერ ჟირუმ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “ჩელსის” მატჩის შემობრუნების ილუზიები შეექმნა, თუმცა მანამდე იყო ბობი ფირმინოს პირველი “ენფილდური” გოლი მიმდინარე სეზონში (55′). “პენსიონერთა” მებრძოლი სული პულიშიჩის შემოსვლამ გააღვიძა. ამერიკელმა ფეხბურთელმა ჯერ ტამი აბრაჰამს გაუკეთა საგოლე გადაცემა (61′), შემდეგ კი თავადაც გაიტანა ულამაზესი დრიბლინგის შემდეგ (73′). თუმცა ლამპარდის გუნდს იმედები 85-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლინის გოლმა დაუმსხვრია – 5:3.