“ლივერპულმა” “ლესტერ სიტი” დაძაბულ, უხვგოლიან ორთაბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის ცენტრალურ მატჩს “კინგ პაუერ სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა “ლესტერ სიტიმ” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია “ლივერპულს”, რომელიც სამი ქულის მოსაპოვებლად იყო მოედანზე გასული.
მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც თავი მუჰამედ სალაჰმა გამოიჩინა, რასაც რამდენიმე წუთში ფილიპე კოუტინიოს მიერ გატანილი ბრწყინვალე ჯარიმა მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე შინჯი ოკაზაკიმ ერთი გოლი გაქვითა და “მელიები” მატჩში დააბრუნა.
მეორე ტაიმის 68 წუთზე ჰენდერსონმა “წითლების” უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ვარდიმ კვლავ დააბრუნა ინტრიგა თამაშში. 73-ე წუთზე კი მას თერთმეტმეტრიანიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა – 2:3.
ამ დროისთვის “ლივერპული” ექვს ტურში დაგროვებული თერთმეტი ქულით მეხუთეა სატურნირო ცხრილში, “ლესტერ სიტი” კი ოთხი ქულით მეთექვსმეტეა.