“ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” უხვგოლიან თრილერში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა. იურგენ კლოპის “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და უკან უქულოდ გაუშვა.
შეხვედრა, რომელსაც ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სრულად “ენფილდელთა” უპირატესობით წარიმართა. ანგარიში შეხვედრის 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეპარულმა მადიო სანემ გახსნა. ათიოდე წუთში ალისონ ბეკერმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი წინ მოიგერია, სადაც ჯესი ლინგარდი იმყოფებოდა, ინგლისელს კი გოლის გატანა ნამდვილად არ გასჭირვებია – 1-1.
შეხვედრის მეორე ნახევარი “ლივერპულმა” კიდევ უფრო დამუხტულმა ჩაატარა და შედეგიც მალევე აისახა ანგარიშზე. მატჩის გმირი 70-ე წუთზე შემოსული ჩერდან შაქირი გახდა, რომელმაც ჯერ 73-ე წუთზე გაიყვანა წინ მერსესაიდული გრანდი, შემდეგ კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (80′).
ასე რომ, იურგენ კლოპის “ლივერპულმა” ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა. “ენფილდელები” 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან, “ოლდ ტრაფორდელები” კი მეექვსე პოზიციას იკავებენ.