“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” საჩუქარი ვერ გამოიყენა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში “ლივერპულს” ბრწყინვალე შანსი ჰქონდა 7 ქულამდე გაეზარდა უშუალო მეტოქესთან, “მანჩესტერ სიტისთან” არსებული სხვაობა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა.
“ლივერპულსა” და “ლესტერ სიტის” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში სადიო მანემ გახსნა მესამე წუთზე და თითქოს ყველაფერი “ლივერპულის” სცენარის მიხედვით უნდა განვითარებულიყო, თუმცა მაგუაირის მიერ ტაიმის მიწურულს გატანილმა გოლმა “წითლები” მეცხრე ციდან ძირს დაანარცხა.
მეორე ტაიმში “ენფილდელები” უფრო მოტივირებულნი უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა იურგენ კლოპის ბიჭებს ის ნაპერწკალი არ ეტყობოდათ, რაც მათ ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად წარმოგვადგენინებს. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
ასე რომ, “ლივერპული” პირველ ადგილზე იმყოფება და ხუთი ქულით უსწრებს პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის”. მომდევნო ტურში “მერსესაიდელები” “ვესტ ჰემს” ეწვევიან.