„ლივერპულმა“ „ოქროს მატჩი“ მოიგო
ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ — „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“. შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით 1989 წლის 15 აპრილს „ჰილსბროუს“ ტრაგედიაში დაღუპულ გულშემატკივრებს მიაგეს პატივი. ტრადიციულად, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მერსისაიდელებმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგად, „წითლებმა“ მე-6 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. ლუის სუარესმა მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რამდენიმე მოძრაობით მის წინ მყოფი მცველები და მეკარე ერთდროულად ჩამოიცილა და დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი. მასპინძლები კიდევ უფრო საოცარი აღმაფრენით ათამაშდნენ, „ქალაქელებს“ კი არაფერი გამოსდიოდათ. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა იაია ტურემ მუხლი დაიშავა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. 26-ე წუთზე „ლივერპულის“ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტივენ ჯერარდის მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში მარტინ შკრტელი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა — 2:0. ისეთი თამაში მიდიოდა, ვერ გაარჩევდით, „ლივერპული“ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ხვდებოდა თუ ცხრილის ფსკერზე მყოფ კლუბს. ტაიმის მიწურულს „სიტის“ ფეხბურთელებმა რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.
მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტი“ მოედანზე საოცრად მოტივირებული გამოვიდა. მერსისაიდელთა უწინდელი უპირატესობა შარშანდელი თოვლივით გადნა. სრულ სათამაშო უპირატესობას მანუელ პელეგრინის გუნდი დაეუფლა. სტუმრები აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, რამაც შედეგიც გამოიღო. 57-ე წუთზე „ქალაქელთა“ შეტევის მარჯვენა ფრთიდან განხორციელებულმა კომბინაციამ მერსისაიდელთა დაცვა თამაშს გამოთიშა, დავიდ სილვამ კი ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე სტუმრებმა სულაც გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც მარცხენა ფრთიდან დავიდ სილვას მიერ დარტყმული ბურთი გლენ ჯონსონს მოხვდა და სიმონ მინიოლეს კარში შეგორდა. ამის შემდეგ „წითლები“ გონს მოეგნენ. ბუნებრივია, „მანჩესტერ სიტის“ ფრეც ხელს აძლევდა, მერსისაიდელებს კი მხოლოდ 3 ქულა აწყობდათ. ბრენდან როჯერსის გუნდმა 78-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა — 3:2. მატჩის კომპენსირებულ დროში უხეში თამაშისთვის მოედნიდან მასპინძელთა ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი გააძევეს, თუმც ამას დარჩენილ დროში ზეგავლენა არ მოუხდენია.
ამრიგად, „ლივერპულმა“ საჩემპიონო ბრძოლაში უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბერკეტები ხელთ იგდო. მართალია, „სიტის“ ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა მერსისაიდელები „ქალაქელებს“ 7 ქულით უსწრებენ და თუ „წითლები“ დარჩენილ ოთხივე შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებენ, 24-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მეორე ადგილი ლონდონის „ჩელსის“ აქვს დაკავებული, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს.
ინგლისის პრემიერლიგა
34-ე ტური
„ლივერპული“ — „მანჩესტერ სიტი“ 3:2 (2:0)
„ლივერპული“: მინიოლე, ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლანაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო (მოზესი 89′), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5′), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ფერნანდინიო, იაია ტურე (ხავი გარსია 19′), ნასრი, დავიდ სილვა, ნავასი (მილნერი 50′), ჯეკო (ჯეკო 68′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: სტერლინგი 6′, შკრტელი 26′.
გაფრთხილებები: სუარესი 5′ — ხავი გარსია 21′, ფერნანდინიო 45+1′, ზაბალეტა 77′.
გაძევება: ჰენდერსონი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.
ბექა დოგრაშვილი