“ლივერპულმა” “რომა” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “რომას” შორის “ენფილდზე” პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მერსისაიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.
ინგლისელებმა სათამაშო უპირატესობა მატჩის პირველი ნახევრის შუაწელს მოიპოვეს და ეს გოლშიც ასახეს. 36-ე წუთზე ედინ ჯეკომ მოედნის შუაგულში ბურთი დაკარგა და “წითლებს” სწრაფი კონტიერიშის წარმართვის საშუალება მისცა, რაშიც იურგენ კლოპის გუნდს ბადალი არ ჰყავს. რობერტო ფირმინომ ბურთი მოჰამედ სალაჰს გადააწოდა, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შევიდა და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში გაისროლა – 1:0. ეგვიპტელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი პატივისცემის ნიშნად არ აღნიშნა, თუმცა პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთზე “რომას” მეორე ბურთიც გაუტანა. შეტევა ამჯერადაც ფირმინომ წამოიწყო, რომელმაც სალაჰი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ეგვიპტელმაც კარიდან გამოსულ კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო – 2:0. სალაჰმა გოლი არც ამჯერად აღნიშნა.
მეორე ტაიმში “ლივერპულმა” კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა და 13-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა: 56-ე წუთზე სადიო მანემ გამოიჩინა თავი, 61-ე და 69-ე წუთებზე კი ფირმინომ გაიტანა და “ენფილდროუდელებს” სერიოზული უპირატესობა მოუპოვა. ამით თითქოს ორმატჩიანი დაპირისპირების ბედიც გადაწყდა, თუმცა “წითლები” მოდუნდნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც: 81-ე წუთზე ედინ ჯეკომ ერთი ბურთი გაქვითა, 85-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმო მოედანზე მყოფ ჯეიმს მილნერს ბურთი ხელზე მოხვდა და ინგლისელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც დიეგო პეროტიმ გამოიყენა და სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა – 5:2.
წყვილის საპასუხო მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე”, 2 მაისს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ლივერპული” — “რომა” 5:2 (2:0)
გოლები: სალაჰი 36′, 45+1′, მანე 56′, ფირმინო 61′, 69′ — ჯეკო 81′, პეროტი 85′ (პენ).