“ლივერპულმა” შინ “ბორნმუთს” სძლია და ჩემპიონობას უფრო მიუახლოვდა (ვიდეო)
7 მარტს პრემიერ ლიგის 29-ე ტურის შეხვედრა შედგა მერსესაიდულ “ლივერპულსა” და “ბორნმუთს” შორის. “უოტფორდთან” განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის შანსი გამოიყენა.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რასაც კალუმ უილსონის ბრწყინვალე თამაშს უნდა ვუმადლოდეთ. გაშვებული გოლის შემდეგ “სკაუზერებმა” მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და რვა წუთის შუალედში ქამ-ბექიც შემოგვთავაზეს – 25-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, 33-ე წუთზე კი სადიო მანემ წინ გაიყვანა ჩემპიონობის ფავორიტი.
შეხვედრის მეორე ნახევარი “ლივერპულის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა ორი ძალიან სახიფათო მომენტი შეექმნა “ალუბლებს”. ჯერ ჯეიმს მილნერის საოცარმა თამაშმა გადაარჩინა “წითლები”, შემდეგ კი კალუმ უილსონმა ვერ შეძლო მარტივი სიტუაციიდან გოლის გატანა.
ასე რომ, პრემირე ლიგის 29 ტურში მოპოვებული 82 ქულით “ლივერპული” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში (17 მარტი) კი გულშემატკივრებს “გუდისონ პარკზე” მერსესაიდული დერბი ელით.