“ლივერპულმა” შინ “ტოტენჰემთან” ქამ-ბექი შეასრულა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეათე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ დახურა – ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ლივერპული” საკუთარ კედლებში არასახარბიელო ფორმაში მყოფ “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე გაიხსნა, რასაც “სპურსი” ჰარი კეინის სხარტ თამაშს უნდა უმადლოდეს. ტაიმის დარჩენილ პერიოდში “ლივერპული” უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა მეტოქეზე, თუმცა გასანიგამ ბრწყინვალე სეივებით შეძლო კარის დაცვა.
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. მასპინძელთა გამალებულმა იერიშებმა შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ჰენდერსონმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. გამარჯვების გოლი კი სადიო მანეს მოპოვებული პენალტით მოჰამედ სალაჰმა გაიტანა 75-ე წუთზე – 1:2.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საწყისი ათი ტურის შემდეგ “ლივერპული” კვლავ დაუმარცხებელია და 28 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. “ტოტენჰემი” კი 12 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.