“ლივერპულმა” სტამბოლში ისევ გაიმარჯვა – კლოპის გუნდს უეფას სუპერთასი მოიგო!
14 აგვისტოს თურქეთის ქალაქმა სტამბოლმა 2019 წლის უეფას სუპერთასის მატჩს უმასპინძლა. თურქეთში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული “ლივერპული” და ევროპის ლიგის გამარჯვებული “ჩელსი” დაუპირისპირდნენ.
ამ შეხვედრის მიმართ მოლოდინი სტამბოლის ქუჩებში წინა დღეებშივე იგრძნობოდა. ორივე გუნდის გულშემატკივრები ხმაურობდნენ და მატჩის წინ კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ. საბოლოოდ, გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული თამაში იხილა.
თამაში “ლივერპულის” უპირატესობით დაიწყო. პირველი რეალური საგოლე მომენტიც ლივერპულელებმა შექმნეს. მე-16 წუთზე მოჰამედ სალაჰის ახლო მანძილიდან დარტყმული კეპამ მოიგერია, მას რამდენიმე წამში დარტყმით ჟირუმ უპასუხა, თუმცა ფრანგმა თავდამსხმელმა კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ ფრენკ ლამპარდის გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა. 22-ე წუთზე პედრო საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი ხარიხას გაარტყა. 36-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, პულიშიჩმა საჯარიმოს სიახლოვეს ბრწყინვალედ ითამაშა, ჟირუს იდეალური გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი საგოლე მომენტი გამოიყენა და ლონდონური გუნდი წინ გაიყვანა – 0:1.
მეორე ნახევარი ლივერპულელებმა აქტიურად დაიწყეს. 48-ე წუთზე საჯარიმოში შეცვლაზე შემოსულმა რობერტო ფირმნომ იაქტიურა, რასაც სადიო მანეს გოლი მოყვა – 1:1. 75-ე წუთზე “ლივერპულს” წინ გასვლის რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა კეპამ ჯერ სალაჰის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ვან დეიკის. 86-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე სადიო მანე გაიყვანა, თუმცა სენეგალელმა კარს ააცილა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, თამაში კი დამატებით ტაიმებში გაგრძელდა.
დამატებით ტაიმებში ორი გოლი გავიდა. 95-ე წუთზე სადიო მანემ ფირმინოს გადაცემის შედეგ ბრწყინვალედ დაარტყა და “ლივერპული” დააწინაურა – 2:1. 99-ე წუთზე მერსესაიდელთა მეკარე ადრიანმა საჯარიმოში აბრაჰამი წააქცია, მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჟორჟინიომ ზუსად შეასრულა – 2:2. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.
თერთმეტმეტრიანი დარტყმები უკეთესად “ლივერპულის” ფეხბურთელებმა შეასრულეს. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო, “ჩელსის” შემტევის, აბრაჰამის თერთმეტმეტრიანი. იქამდე ყველა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა აბრაჰამის დარტყმული ადრიანმა მოიგერია, რაც იმას ნიშნავს, რომ “ლივერპული” მორიგ ტიტულს დაეუფლა.