“ლივერპულმა” ტურის ცენტრალურ მატჩში “ჩელსის” დამარცხება შეძლო (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა საკუთარ კედლებში უდანაკარგო “ლივერპული” მიიღეს და სერიოზული ბრძოლაც შესთავაზეს.
მატჩის ანგარიში შეხვედრის მე-14 წუთზე გაიხსნა ალექსანდერ-არნოლდის მიერ შესრულებული იდეალური საჯარიმო დარტყმის შედეგად. 30-ე წუთზე კი რობერტსონმა შეძლო თავის გამოჩენა – ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში მყოფ რობერტო ფირმინოს, რომელმაც თავური დარტყმით აიღო კეპას კარი.
მეორე ტაიმში “ჩელსის” იმედები ნგოლო კანტეს მიერ 71-ე წუთზე გატანილმა ბრწყინვალე გოლმა გააღვივა. ბოლო ოც წუთში “პენსიონერები” განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩანდნენ, თუმცა მათ გამალებულ შეტევებს “ლივერპულის” დაცვამ შესაფერისად უპასუხა.
ასე რომ, ექვსი ტურის შემდეგ “ლივერპულს” ექვსი მოგება უგროვდება და სატურნირო ცხრილს 18 ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურში “მერსესაიდელები” “შეფილდს” დაუპირისპირდებიან, ხოლოდ “პენსიონერები” “ბრაიტონს” მიიღებენ.