“ლივერპულს” ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება
“ლივერპულს”, სავარაუდოდ, ახალი ტექნიკური სპონსორი ეყოლება. მერსისაიდული კლუბი მოლაპარაკებას Nike-თან აწარმოებს და არაა გამორიცხული, მხარეებს შორის ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდეს.
ESPN-ის ცნობით, პოტენციურმა გარიგებამ შესაძლოა, ფინანსური მხრივ ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნას. დღესდღეობით ინგლისში ყველაზე ძვირადღირებულ ხელშეკრულებად “მანჩესტერ იუნაიტედსა” და კომპანია Adidas-ს შორის 2015 წელს დადებული კონტრაქტი ითვლება, რის საფუძველზეც “წითელი ეშმაკები” ათი წლის განმავლობაში 750 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპულს” დღესდღეობით ამერიკული კომპანია New Balance-ი მოსავს, რომელთანაც ხელშეკრულება 2019-2020 წლების სეზონის შემდეგ იწურება. “წითლები” სპონსორისგან წლიურად 52 მილიონ გირვანქას იღებენ.
Nike-ის გარდა “ლივერპული” Puma-სა და Adidas-საც დაუკავშირდა, თუმცა ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, სწორედ ამერიკულ ფირმასთან გაფორმდება.