ლოკომოტივისა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლობა გრძელდება
დღეს საქართველოს რკინიგზამ და რაგბის კლუბმა ლოკომოტივმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთი წლით გააგრძელებს ლოკომოტივის სპონსორობას.
საქართველოს რკინიგზასა და რაგბის კლუბ ლოკომოტივს შორის სასპონსორო ხელშეკრულება შარშან გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ ლოკომოტივის დამფუძნებელმა, თემურ ბენდიაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე: „საქართველოს რკინიგზა და რაგბის კლუბი ლოკომოტივი აგრძელებს კარგ, ისტორიულ ტრადიციას – თანამშრომლობას. გასული წელი ნაყოფიერი იყო, საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდა გუნდი. წელს უფრო ამბიციური გეგმები იქნება და შევეცდებით რომ ჩემპიონები გავხდეთ. ”
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზამ შარშან შესანიშანვი პრეცედენტი შექმნა და ხელი მოეწერა სპონსორობის ხელშეკრულებას – „ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ, როგორ უნდა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს კერძო სექტორმა და ბიზნესმა სპორტს. ვიმედოვნებ, რომ ეს კომპანიებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რათა ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებსაც გამოუჩნდნენ სპოსნორები კერძო სექტორიდან “. მან ასევე განაცხადა: „ვთვლი, რომ ლოკომოტივმა ამ თანამშრომლობის შედეგად ძალიან კარგად ითამაშა წინა სეზონში. ვფიქრობ, რომ უმაღლესი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს კლუბი.”
Rugby.GE