„ლომები“ გისოსებს მიღმა

თარიღი: ოქტომბერი 29, 2013

ფეხბურთი გისოსებს მიღმა. ნორმანდიის კუნძულის ციხის ზედამხედველები პატიმრებს ცხოვრების სწორ გზას ფეხბურთის დახმარებით უჩვენებენ. Fanebi.Com-ი მოგიყვებათ, რატომ არის ადგილობრივი პატიმრების საყვარელი ფრაზა: „გაუმარჯოს ჩვენს ციხეს! ყველაზე ჰუმანურ ციხეს მსოფლიოში!“

ოდესმე ყოფილხართ გერნზიში? არის ასეთი პატარა კუნძული ლა-მანშის სრუტეში. მთლად ტაიტი არ არის, თუმცა ეს ადგილიც საკმაოდ ლამაზია. მოსახლეობა 63 ათასია, ფართობი – 65 კვადრატული კილომეტრი. კუნძული ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას, თუმცა საფრანგეთთან უფრო ახლოს არის. რატომ მოხდა ასე, ამას დიდი ისტორია აქვს. თუ ვიქტორ ჰიუგო გიყვართ, მაშინ ამ ადგილის შესახებ რომანი „ზღვის მუშები“ უნდა წაიკითხოთ.

გერნზი ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, მეთიუ ლე ტისიეს (8 მატჩი) სამშობლოა. აქ თავიანთ გმირებს არ ივიწყებენ და რამდენიმე წლის წინათ, ის საფეხბურთო კლუბ „გერნზის“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. კლუბი, რომელსაც მეტსახელად „მწვანე ლომები“ ჰქვია, მნიშვნელობით ინგლისის მე-9 დივიზიონში ასპარეზობს.

თავისუფლების 90 წუთი
„გერნზის“ სტადიონიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი „ცხოველური“ გუნდია და, საბედნიეროდ, ლე ტისიეს მასთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს. გუნდი, რომელიც გერნზის ციხის პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული, „ციხის ლომების“ სახელს ატარებს და კუნძულის საკვირაო ლიგაში გამოდის. გუნდის მწვრთნელმა დევიდ უაიტმა თითქოს შეუძლებელი შეძლო: „ლომებს“ ადგილობრივ სამოყვარულო ლიგაში თამაშის უფლება მისცეს.

„პატიმარიც ადამიანია, ფეხბურთს კი შეუძლია, ადამიანი უკეთესი გახადოს, – საუბრობს დევიდ უაიტი. – ამ იდეის განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ციხის უფროსობასა და სამოყვარულო ლიგის პრეიზდენტთან. მიზანს მივაღწიე. 101 პატიმარი გვყავს, ყველა კაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთს ამ ხალხის გამოსწორება შეუძლია. რა არის ფეხბურთი? ეს არის გუნდში მუშაობის უნარი, ურთიერთგაგება და შრომისმოყვარეობა, მარცხის ღირსეულად მიღების უნარი. ფეხბურთი – ეს იდეების მუშაობაა. ვუყურებ ჩემს მოთამაშეებს და ვხვდები: თამაში მათთვის თავისუფლების 90 წუთია. პატიმართა დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა რაიმე დადებითი და კონსტრუქციული პროექტის ნაწილი. ფეხბურთში წარმატებისთვის ისინი ისეთ თვისებებს შეიძენენ, რაც საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ გამოადგებათ“.

როგორც ნებისმიერ სამოყვარულო ლიგაში, აქაც მხოლოდ კვირა დღეს თამაშობენ. აქედან მოდის სახელწოდება – საკვირაო ლიგა „მფხანავი ფეხები“ (Itchy Feet Guernsey Sunday League: ანუ იმდენად გინდა ფეხბურთის თამაში, რომ ფეხები გეფხანება). „ლომებს“ მატჩების მუდამ საშინაო არენაზე ჩატარების უპირატესობა აქვთ. ბუნებრივია, პატიმართა გუნდი თავის მეტოქეებს ციხეში მასპინძლობს. სეზონში 15 მატჩი სამ წრედ ტარდება, ჩემპიონატში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას.

„ყველამ იცის, რომ ჩვენ გასვლაზე არ ვთამაშობთ და ამაზე არც არავინ წუხს. საფეხბურთო მოედანი ციხის ტერიტორიაზეა და არც ეს წარმოადგენს რაიმე პრობლემას. ზომა სტანდარტულია, საფარი ბუნებრივია. ვთამაშობთ 11-11-ზე, ყველა სრულწლოვანია“, – ამბობს უაიტი.

„მფხანავი ფეხები“ სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი. დავიწყოთ იმით, რომ „ციხის ლომების“ სტუმრებს დიდი ყურადღებით ჩხრეკენ (ისევე, როგორც ციხის ყველა პატიმარს). აქ ესმით, რომ გადამეტებული უხეშობა არავის არგებს.

„ჩვენს გუნდში ციხის რამდენიმე თანამშრომელიც თამაშობს. ბიჭებმა იციან, რომ მოედანზე გამოვლენილ არასათანადო ქცევას ძალზედ უსიამოვნო შედეგები მოჰყვება – ისინი გუნდში ადგილს დაკარგავენ. ამიტომ, ყველა ცდილობს, სუფთად ითამაშოს, წითელი ბარათის მიღების გარეშე. ბიჭები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ პირველად თამაშობენ, როგორც წესი, ძალიან დაძაბულები არიან ხოლმე, მაგრამ პირველი ათი წუთის შემდეგ ყველა მშვიდდება“, – ამბობს დევიდ უაიტი.

„ციხის ლომებმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო – ორჯერ მოუგო გერნზის რესტორნის ფეხბურთელთა გუნდს (1:0 და 6:2), დაამარცხა აუდიტორთა გუნდი „დელოიტი“ (2:1). მეოთხე მატჩში „ლომების“ გამარჯვების სერია შეწყდა. საიუველირო მაღაზიის წარმომადგენელთა გუნდმა ციხიდან სამი ქულის წაღება შეძლო.

ბომბარდირი ნარკომოვაჭრე
„ციხის ლომების“ საუკეთესო ბომბარდირი 25 წლის ტომ უოლში გახლავთ.

ხუთი გოლი სამ მატჩში. ტომი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ის შეუმდგარი ნარკომოვაჭრეა. გასული წლის მარტში პოლიციამ მის მანქანაში პლასტიკური პაკეტით ექსტაზის ორი ათასი აბი იპოვა. ტომი 38 ათასი ფუნტით გამდიდრებას ელოდა, თუმცა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

დაცვას 27 წლის ლატვიელი მარტინს აპსკალნსი ამაგრებს. დააკავეს ფულის გათეთრებისთვის, მიუსაჯეს ოთხი წელი. მეწყვილედ 37 წლის რუმინელი კონსტანტინ არმეგი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ არმეგი პროფესიონალი მოკრივეა, თუმცა მოედანზე გაფრთხილება ამ დრომდე არ მიუღია.

გუნდის ერთ-ერთი მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგი გარეტ მასტერტონი გახლავთ, რომელიც ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ მანჩესტერული დერბის დროს, ბარში „სიტის“ ფანს თავში ლუდის კათხა ჩაარტყა. სხეულის განზრახ დაზინების გამო, მიუსაჯეს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თადარიგში შეიძლება თვალი მოკრათ ადგილობრივი სარაგბო გუნდის ყოფილ მოთამაშესა და პოლიციელის შვილს, მეფედრონით მოვაჭრესა და უბრალო თაღლითს. რაც არ უნდა იყოს, ეს არის ციხის დრიმთიმი.

„გთხოვთ, ნუ მკითხავთ, რა დააშავეს ამ ადამიანებმა. არ მინდა ამაზე საუბარი. როდესაც მათ მოედანზე ვუყურებ, ისინი ჩემთვის თანასწორნი არიან“, – აღნიშნა დევიდ უაიტმა.

გუნდის მეორე ბომბარიდირი 19 წლის კალუმ სმიტია, რომელიც გისოსებს მიღმა სასახლის გაძარცვის გამო მოხვდა. როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, სმიტი მათ სასახლეში დახვდა და თან… ჩაის მიირთმევდა. მომავალი წლის დასაწყისში კალუმი თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს. ასე რომ, სამწვრთნელო შტაბს ახალი თავდამსხმელის ძიება მოუწევს.

საკვირაო ლიგის პრეზიდენტი როდ ჰემონი გამოტყდა, რომ „ციხის ლომების“ გამო ტურნირის რეგლამენტის შეცვლა მოუწია.

„ჩვენს ჩემპიონატში სატრანსფერო პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება. რა უნდა მოვუხერხოთ სმიტს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსს შობის შემდეგ მიიღებს? მას გუნდში დარჩენა შეუძლია“, – ამბობს პრეზიდენტი ჰემონი, რომელიც საკვირაო ლიგაში მსაჯადაც მუშაობს.

როი ჰოჯსონს ციხეში ელიან
„ფეხბურთი მათთვის ჯილდოა, რომელსაც კარგი ქცევისთვის იღებენ, – საუბრობს ციხის უფროსი დეივ მეთიუზი. – პატარა გადაცდომა და პატიმრის საფეხბურთო კარიერას ჯვარი დაესმება. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ფეხბურთი მათთვის ერთგვარი საჰაერო ხვრელია. ციხეში ასეთი გასართობი ბევრი არ არის. არავის სურს, ტურნირში თამაშისა და პრიზების მოგების შესაძლებლობა დაკარგოს. პირველი ადგილისთვის ოქროს მედლები და თასია განკუთვნილი“.

„გვინდა, რომ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, – აგრძელებს დევიდ უაიტი. – კარგია, რომ ყურადღებას გვაქცევენ. მსმენია, რომ ლათინური ამერიკის ციხის მატჩებს ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებიც ესწრებიან. იქნებ, ოდესმე როი ჰოჯსონმა პატივი დაგვდოს?! როი, ჩვენ შენ გელით!“

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სჯობს მესის არ შეეხოთ! არგენტინა ლეოს ღმერთივით ეპყრობა (ვიდეო)

არგენტინამ ჰონდურასის ამხანაგურ მატჩში 3-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში მესის მხარი უხეშად ჰკრეს და სრულიად არგენტინის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შარაშენიძე: “ჩრდ.მაკედონიას კლასის ხარჯზე მოვუგეთ”

ლექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც ფეხბურთზე საკმაოდ ხშირად წერს ხოლმე, საქართველო – ჩრდ.მაკედონიის მატჩი შეაფასა. “მაკედონიას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბლაგოია მილევსკი: “უფრო მეტი დავიმსახურეთ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით”

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ქართველებს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით გადელია: “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში, აუარება შეცდომა”

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია საქართველო-ჩრდ.მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა. “სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა თამაში – აუარება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან ბევრი არ მოიქცეოდა ისე, როგორც ბუდუ”

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ.მაკედონიას 2-0 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა თქმა უნდა, ეს არის ფეხბურთი. ეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Ekipa: ჩრდ.მაკედონია საქართველოს UEFA-ში უჩივლებს

ჩრდ.მაკედონიას ნაკრებმა გუშინ ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელისა და წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე: “მესმის, თუ რატომ არ წაიყვანა “მილანმა” კვარა”

თბილისის მერმა და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ “იმედი Live”-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “ძალიან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ჩაკვე ფეხბურთით ცხოვრობს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და “სლოვანის” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ ჩრდ.მაკედონიასთან ხვალინდელ მატჩამდე ჩაკვეტაძეზე და ლოჩოშვილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი: “დილამდე დაველოდები ბუკმეიკერებს და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდ.მაკედონიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. “ჩრდ.მაკედონია ჩემთვის ჯგუფში ყველა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაკრების რომელი ფეხბურთელის დამატება სურდა “ლიონს”?

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით ტოპ 5 ჩემპიონატის საინტერესო გუნდები ინტერესდებიან და როგორც ჩვენთვის ცნობილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 4 ახალი კაპიტანი ეყოლება

კატალონიის “ბარსელონას” ახალ სეზონში 4 ახალი კაპიტანი ეყოლება – ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. “ბარსას” კაპიტანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე საშინელი და სასაცილო დებიუტი! იაპონელმა ფეხბურთელმა 20 წამში ყველაფერი დაამთავრა (

იაპონელი ფეხბურთელი შოია ნაკაჯიმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან “ანტალიასპორში” გადავიდა და “ადანას” წინააღმდეგ მოედანზე 68-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ნაკრები: “საზონოვის საქციელი სრულიად მიუღებელია”

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილებას საქართველოს ნაკრებში გამოსვლაზე მიუღებელი უწოდა. R...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლის პირველი იძულებითი ცვლილება – ნაკრებს ტაბიძე გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვეტაძეს ვერ აჩერებენ! გიორგი ნაკრებში ძალიან მაგარ ფორმაში ჩამოდის (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძემ “სლოვანის” შემადგენლობაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა და ნაკრებში მშვენიერ ფორმაში ჩამოდის. ჩაკვეს მომენტები […]...
წაკითხვა