ლონდონური გრანდები 11 წლის ფეხბურთელს იწვევენ
ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული “ლუთონ თაუნის” 11 წლის ფეხბურთელ ჩარლი პატინოთი. “დეილი მეილის” თანახმად, ლონდონის “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” განუზრახავთ პატინოს თავიანთ აკადემიაში მიწვევა.
ჩარლი პატინოს უკვე ადარებენ ჯეკ უილშირს. ორივე ნახევარმცველია, უილშირიც “ლუთონის” აკადემიაში თამაშობდა, “არსენალს” კი ცხრა წლის ასაკში შეუერთდა.
“ჩარლისთვის ყოველივე საუკეთესო გვინდა, – საუბრობს ფეხბურთელის მამა ხულიო. – თუ მას პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს, შანსი უნდა მივცეთ. ის მოწადინებული ბიჭია, ბევრს შრომობს სკოლაში, კარგი შეფასებაც აქვს და ფეხბურთიც ძალიან უყვარს.
ჩარლი ფეხბურთით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ბურთი მისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე მისი თანატოლი ბიჭებისთვის”.
ჩარლი პატინოს ესპანური ფესვები აქვს. მას ბებია-ბაბუა ესპანელები ჰყავს, თუმცა თავად ჩარლი ინგლისში დაიბადა. როგორც აღმოჩნდა, ის ესპანეთის ჩემპიონატის აქტიური მაყურებელია და კატალონიის “ბარსელონასაც” ქომაგობს. მამამისი ხულიო კი “დეპორტივოს” გულშემატკივარია.
“ჩარლი ესპანურ ფეხბურთს უბრალოდ კი არ უყურებს, ის ანალიზს უკეთებს. ფეხბურთელების მოქმედებებს აკვირდება და მეკითხება, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მოთამაშემ. ჭკვიანი ბიჭია. მითხრა, რომ მისი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. მასზე აშკარად მოახდინა ესპანური ფეხბურთის სტილმა გავლენა.
ჩარლიმ იცის, რომ დიდ კლუბში ვარჯიშის შესაძლებლობა უჩნდება, თუმცა იმის გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ დაიტოვებენ”, – ხულიოს სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.