ლორენტე: “ჯგუფიდან ჯერ კიდევ არ გავსულვართ”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებასთან დაკავშირებით (3-1).
მოგეხსენებათ, მეხუთე ტურამდე “ბებერი ქალბატონი” ჯგუფში ბოლო პოზიციაზე იმყოფებოდა. თუმცა, დანიელებთან საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვების შემდეგ, მათ მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
“ჯგუფიდან ჯერ კიდევ არ გავსულვართ. გუშინ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო. მიუხედავად ამისა, განაღდებული არაფერი გვაქვს”, – აცხადებს ფერნანდო ლორენტე Sport Mediaset-თან მიცემულ ინტერვიუში.
“ჩვენ უნდა გავემგზავროთ თურქეთში, სადაც ურთულესი დაპირისპირება გველის. ამ მატჩისთვის კარგად მომზადებაა საჭირო. როდესაც თურქები თავიანთ საყვარელ გუნდს სტამბოლში გულშემატკივრობენ, თამაში ძალიან რთულდება”.
“ვიცოდით, რომ “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნებოდა, რადგან დანიაში ძალზე რთული შეხვედრა ჩავატარეთ”, – დაასრულა ესპანელმა თავდამსხმელმა.
სანდრო საპანაძე