ლორენტე “ლივერპულთან” მატჩის წინ: “შურისძიება მწყურია”
“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლორენტე “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ფინალში დაუპირისპირდა, რომელიც “ტოტენჰემმა” 0-2 დათმო.
“ნეაპოლში ძალიან თბილად დამხვდნენ. ზოგადად, აქ გულთბილი ხალხი ცხოვრობს. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც გოლს გავიტან და გულშემატკივარს ამ მხარდაჭერას დავუფასებ.
ანჩელოტიმ ძალიან კარგად შეისწავლა “ლივერპული”. მათ წინააღმდეგ იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ, თუ გამარჯვებაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. მეტოქე ძალიან ძლიერია. “ლივერპული” უდიდესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
ბრაზი თუ შურისძიების წყურვილი? ორივე მათგანს ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შური ვიძიო,” – აცხადებს ლორენტე.
“ნაპოლისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.