ლოვრენი: “რამოსს ხელი განზრახ ჩავარტყი!”
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, დეიან ლოვრენმა განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე, ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:2) მან რამოსს ხელი განზრახ ჩაარტყა.
როგორც იცით, 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალმა” “ლივერპული” 3:1 დაამარცხა. შეხვედრის 30-ე წუთზე რამოსმა სალაჰის წინააღმდეგ იუხეშა, ეგვიპტელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ლოვრენი ამბობს, რომ მან რამოსზე შური სწორედ ამის გამო იძია.
“მას კარგად ჩავარტყი. ახლა წადი და ილაპარაკე, მეგობარო! გავაკეთე თუ არა ეს განზრახ, სალაჰის გამო? დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას. ლუკა მოდრიჩმა სცადა, რომ ჩემსა და რამოსს შორის სიტუაცია განემუხტა. როცა მას ჩავარტყი, ვუთხარი, რომ ანგარიში გათანაბრდა.
რამოსს, როგორც ფეხბურთელს, პატივს ვცემ. მან უამრავი ტიტული მოიგო, თუმცა ამავდროულად, მისი მოქმედებები, რომლებიც მეტოქეებს ვნებს, არ მომწონს. ვფიქრობ, რამოსმა სალაჰის წინააღმდეგ განზრახ იუხეშა, რადგან მისთვის ტრავმის მიყენება სურდა. სანამ მოჰამედი დაზიანდებოდა, “რეალზე” უკეთესად ვთამაშობდით. მისი მოედნიდან გასვლა ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა “რეალმა” უპირატესობა”, – განაცხადა ხორვატმა ფეხბურთელმა.