ლოზანა-2020 სამი ათას მოხალისეს ეძებს
ლოზანის 2020 წლის მესამე ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა მოხალისეთა პროგრამის დაწყება გამოაცხადა. 23 ივნისს – საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, თამაშების გახსნამდე 200 დღით ადრე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოხალისეთა რიგებში ჩაწერა.
ლოზანა-2020-ის მასპინძლები 3 ათასი მოხალისის შერჩევას გეგმავენ. მოხალისეთა რეგისტრაცია – მითითებულ მისამართზე (Lausanne 2020) ღიაა ყველასთვის.
23 ივნისიდან რეგისტრაციის პლატფორმაზე დაინეტერესებულ პირებს შეეძლებათ აირჩიონ შეჯიბრების ჩასატარებელი რვიდან ერთი ან რამდენიმე ადგილი (შვიდი სარბიელი შვეიცარიაშია, ერთი – საფრანგეთში). მოხალისეებს ასევე შესთავაზებენ ოლიმპიურ სოფლებს ლოზანასა და სენტ მორიცში ან გასართობ ობიექტებს ქალქის ცენტრში და Medals Plaza-ს ფლონსა და ლოზანაში.
ლოზანა მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2020 წლის 10-19 იანვარს. მასში მონაწილეობას მიიღებს 15-დან 18 წლამდე ასაკის 1880 სპორტსმენი.
სეოკ-ის პრესსამსახური