ლუკას პიაზონს სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენეს
ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკას პიაზონი, რომელიც იჯარის წესით “რედინგში” თამაშობს, სკანდალში გაეხვა.
ტორონტოს პოლიციამ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გუშინ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ პიაზონი გახლავთ, მეორე მათგანი კი “ბოტაფოგოს” 22 წლის მოთამაშე ანდრეი და სილვა ვენტურაა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სექსუალურ ძალადობას ადგილი 26 ივლისს ჰქონდა. სამართალდამცველების მტკიცებით, 20 წლის მსხვერპლი მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბში ორ ფეხბურთელს შეხვდა. სპორტსმენები გოგონებს საცხოვრებელ ბინამდე გაჰყვნენ და სანამ ერთ-ერთ მათგანს ეძინა, მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს. ორივე ფეხბურთელზე ძებნა გამოცხადდა.
ვენტურა და პიაზონი ტორონტოში 10 ივლისიდან 26 ივლისამდე ბრაზილიის ნაკრებს ახლდნენ, სამშობლოში კი 27 ივლისს დაბრუნდნენ.