ლუის ენრიკე: „ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ“
„ბარსელონას“ ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ამ რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე კლუბის სამომავლო გეგმებსა და საკუთარი მუშაობის სტილზე ისაუბრა.
„მეტად ამაღელვებელი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ახალი „ბარსელონას“ აშენებას ვაპირებთ. გამოწვევები არ მაშინებს.
როდესაც „ბარსელონას“ მეორე გუნდი დავტოვე, კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებოდით. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს.
ვიცი, რამდენად რთული იქნება ახალი პროექტის განხორციელება, თუმცა მსურს, ეს ატმოსფერო შევიგრძნო, სტადიონზე კლუბის ჰიმნი მოვისმინო.
ვიქნები თუ არა მკაცრი ფეხბურთელების მიმართ? არ ვიცი, რას გულისხმობთ. მე ყოველთვის პოზიტიური ვარ.
ჩემი გუნდი შემტევ, მიმზიდველ ფეხბურთს ითამაშებს. ისევ ის სტილი გვექნება, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მოხიბლა.
ცვლილებები იქნება. ვეცდებით, რომ ძალები განვამტკიცოთ. როდესაც გუნდი საჭირო დონეზე არ არის, ცვლილებების გაკეთება ხდება საჭირო. ყველა ხაზი განახლდება.
მწვრთნელი ლიდერია. როდესაც საქმე ფეხბურთელთა ჯგუფის მართვას, პირად ამბიციებს, შინაგან ეგოსა და მოტივაციას ეხება, მან საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უნდა აჩვენოს.
მოხარული ვარ, რომ ლეო მესი გვყავს. ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მძენს.
ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მიყვარს. მათგან მე ამბიციას ვითხოვ“, – ლუის ენრიკეს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
ბექა დოგრაშვილი