ლუის ენრიკე: „მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით“
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „რივერ პლეიტს“ ანგარიშით 3:0 მოუგო.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მიმდინარე სეზონში ბევრი ტიტული მოვიგეთ, რაც ჩემთვის და კლუბისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. „რივერ პლეიტი“ ღიად თამაშობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დღეს ნებისმიერ მეტოქეს მოვუგებდით.
მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. შესვენების შემდეგ, შევეცდებით, ახალ მწვერვალს მივაღწიოთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ“, – ციტირებს ენრიკეს ფიფა-ს ოფიციალური საიტი.