ლუის სუარესი — „ლივერპულის“ ლიდერი
2011 წლის ზამთარში ლუის სუარესი ამსტერდამის „აიაქსიდან“ „ლივერპულში“ გადაბარგდა. მაშინ მერსისაიდულმა გუნდმა ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 22,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, რაც იმ დროისთვის კლუბის სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. „წითლების“ ხელმძღვანელები და გულშემატკივრები სუარესს დიდი იმედებით შეხვდნენ და მას 7-ნომრიანი მაისურიც უბოძეს, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ კენი დალგლიშს ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით სუარესმა აღიარა, რომ ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, თორემ 7-ნომრიანი მაისურის არჩევას ვერ გაბედავდა.
სუარესის მოსვლამ „ლივერპულის“ შეტევითი ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. 2012 წლის თებერვალში ურუგვაელმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის რიგებში პირველი ტიტულიც მოიგო — ინგლისის ლიგის თასი. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სუარესმა უკვე 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. სულ კი, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 96 მატჩი ჩაატარა, აქტივში 61 გატანილი გოლი და 31 საგოლე გადაცემა აქვს.
გთავაზობთ 2013/2014 წლების სეზონში სუარესის მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლების ამსახველ ვიდეომასალას.
ბექა დოგრაშვილი