ლუის სუარესი ურუგვაელებს გახსნით მატჩში ვერ დაეხმარება
ურუგვაის ეროვნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკის გახსნით მატჩში ურუგვაელებს ლუის სუარესი ვერ დაეხმარება.
“ლუის სუარესის თამაში გამორიცხულია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა მატჩისწინა კონფერენციაზე. “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გვაკვირებს რეაბილიტაციის მხრივ, მაგრამ ჯერ ის მზად არ არის.”
შეგახსენებთ, რომ სუარესმა დაზიანება ორი კვირის წინ, კოპა დელ რეის ფინალში მიიღო, როდესაც “ბარსელონა” ესპანურ “სევილიას” ეთამაშებოდა.
29 წლის ფორვარდი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტაბარესი მის გარისკვას არ აპირებს და მანამ არ გამოიყვანს მოედანზე, სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება.
ურუგვაი კოპა ამერიკის პირველ მატჩს მექსიკელთა წინააღმდეგ, ხვალ თბილისის დროით 04:00-ზე ჩაატარებს.