კვლევა: თქვენი დაკბენის უფრო დიდი შანსი ვის აქვს – სუარესს თუ ზვიგენს?
28 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაის ნაკრები კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ურუგვაელები მოედანზე ლიდერის, ლუის სუარესის გარეშე გავლენ. რატომ? მიზეზი ყველასათვის ცნობილია. 27 წლის თავდამსხმელმა იტალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ფიფამ კი ის მკაცრად დასაჯა. აღსანიშნავია, რომ სუარესს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისათვის ადრეც უკბენია.
ბრიტანული New Statesman-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორია შანსი იმისა, რომ სუარესმა მეტოქეს უკბინოს. სტატიის თანახმად, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ სუარესმა ფეხბურთელს უკბინოს, ვიდრე ზვიგენმა ადამიანს.
2005 წლიდან მოყოლებული ლუის სუარესს ურუგვაის ნაკრებსა და სხვადასხვა კლუბებში სულ 441 მატჩი აქვს ჩატარებული. ურუგვაელს თითო მატჩში 11 სასტარტო შემადგენლობის, ხოლო სამი სათადარიგო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში შეეძლო. გამომდინარე აქედან, მას სულ 6160 მოთამაშის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუარესმა სულ სამჯერ გამოიყენა თავისი კბილები ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაშინ დაახლოებით 2000-დან ერთია შანსი იმისა, რომ მან რომელიმე ადამიანს უკბინოს. რაც შეეხება ზვიგენს, 3.7 მილიონიდან ერთია შანსი იმისა, რომ მან ადამიანს უკბინოს.
ფლორიდაში, ახალი სმირნას პლაჟზე ალბათობა იმისა, რომ ზვიგენი ადამიანს უკბენს 2808-ში ერთია. როცა პლაჟს ყველაზე მეტი დამსვენებელი ჰყავდა, მაშინ ეს მაჩვენებელი 1800-დან ერთი იყო.
ასევე, ავიაკატასტროფა 11 მილიონიდან ერთხელ ხდება, ამერიკაში კი მკვლელობის ალბათობა 6100-ში ერთია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ სუარესი ტაისონზე საშიში არ არის. ეს მოკრივე 50 შემთხვევაში ერთხელ იკბინება.