ლუკაკუ: “იუვენტუსის” შედეგები არ მაინტერესებს. მთავარია, “ინტერმა” მოიგოს”
იტალიის სერია A-ს XI ტურში მილანის “ინტერმა” გასვლაზე “ბოლონია” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმართა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ შეხვედრის 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
“ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პენალტი იყო, ვინაიდან დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. “ბოლონიამ” აქტიურად, ინტენსიურად ითამაშა და ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ჩვენ გუნდური სულისკვეთება გვამოძრავებს და ამით ბედნიერი ვარ.
მიხარია, რომ “ინტერში” ასპარეზობა კარგად დავიწყე, მაგრამ 26 წლის ვარ და გუნდთან ერთად მატჩიდან მატჩამდე უნდა მოვუმატო.
“იუვენტუსის” შედეგები არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ “ინტერმა” გაიმარჯვოს. დღეს მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია”, – აღნიშნა ლუკაკუმ.
სერია A-ს XI ტურის თავზე სატურნირო ცხრილს 29 ქულით “იუვენტუსი” ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება “ინტერი”. აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეცხრე გოლი გაიტანა.