მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ზედიზედ მეორედ სამასპინძლოდ მზადაა

თარიღი: ივნისი 10, 2020

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელ ქალაქად სტამბულია შერჩეული, თუმცა კორონავირუსული პანდემიის გამო ათათურქის ოლიმპიურ სტადიონს ამ უფლებას, სავარაუდოდ, ჩამოართმევენ. უეფა ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის სამასპინძლოდ ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

ერთ-ერთ ვარიანტად მადრიდი სახელდება. ესპანეთის დედაქალაქის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ირწმუნება, რომ მისი ქალაქი ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრის სამასპინძლოდ მზადაა.

“ვიცი, რომ მასპინძელი ქალაქის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ მადრიდი ფინალური შეხვედრის სამასპინძლოდ მზადაა. ჩვენ უსაფრთხოების ყველა შესაბამისი რესურსი და ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია. ეს მთელი მსოფლიოსთვის გზავნილი იქნებოდა, რომ მადრიდმა ბევრი გადაიტანა, მაგრამ არ დაშლილა და კვლავ ფეხზე დგება”, – განაცხადა მარტინეს-ალმეიდამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები