მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)
დღეს იაპონიაში, “ნისან სთეიდიუმზე” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში, მე-9 წუთზე კარიმ ბენზემამ გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე შიბასაკიმ გაათანაბრა.
მეორე ნახევარში, ნახსენებმა იაპონელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და “კაშიმა” წინ გაიყვანა. 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ლუკას ვასკესი წააქციეს, რის შემდეგაც დანიშნული პენალტის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, გამარჯვებული კი დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. 97-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ კარიმ ბენზემას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ იაპონელთა კარი აიღო და “სამეფო კლუბი” კვლავ დააწინაურა. პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წამებზე თავი ისევ რონალდუმ გამოიჩინა – 4:2. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა, მადრიდის “რეალი” კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.