მადრიდის “რეალი” შინ, “ლევანტესთან” დამარცხდა (ვიდეო)
კრიზისში მყოფ მადრიდის “რეალს” ესპანური ლა ლიგის მეცხრე ტურში ხასიათის გამოკეთების საკმაოდ კარგი შანსი მიეცა, თუმცაღა ხულიენ ლოპოტეგის გუნდმა ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ მარცხი იწვნია.
მატჩი მასპინძლებმა საშინლად დაიწყეს, განსაკუთრებულად ცუდად კი “თეთრების” რიგებში მოთამაშე რაფაელ ვარანი გამოიყურებოდა. სწორედ მისი ცუდი თამაშის შედეგად მოახერხა ანგარიშის გახსნა 11 ნომრით მოთამაშე მორალეშმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ დღევანდელ შეხვედრაში. რამდენიმე წუთში ვარანმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც როჯერმა ზუსტად გამოიყენა.
გაშვებული ორი გოლის შემდეგ “ბლანკოსი” უდიდეს ზეწოლას ახორციელებდა “ლევანტეზე”, თუმცა უშედეგოდ. მადრიდელებს ხან გოლს უუქმებდნენ, ხან ოიერი უღებდა საოცარ დარტყმებს, ხანაც ხარიხას ხვდებოდა ბურთი. “რეალმა” მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაქვითა – მარსელომ უძლიერესი დარტყმით შეძლო გატანა, რის შემდეგაც მცირე დაზიანებაც კი მიიღო.
ასე რომ, “რეალი” საშინელ ფორმაშია და დიდი ალბათობით, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილსაც დაკარგავს. მომდევნო ტურში კი “ელ კლასიკო” გველის.