მადრიდის “რეალის” საშინელი სეზონი ციფრებში
მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “ვილიარეალთან” მწარე მარცხი იწვნია და ახლა ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს. ამ დროისთვის ზიდანის გუნდი 32 ქულით მეოთხეა სატურნირო ცხრილში, 2005/06 წლების გათამაშებაში კი 30 ქულა ჰქონდა და მეექვსე საფეხურზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ იმ ზამთარს ფლორენტინო პერესი გადადგა და კაბინეტი რამონ კალდერონს გაუთავისუფლა.
რაფაელ ბენიტესის შედეგიც კი ჯობდა ამას – სეზონის ამ ეტაპისთვის მადრიდელებს 37 ქულა ჰქონდათ. თუმცა, ბენიტესი 18 ტურის შემდეგ მაინც გაანთავისუფლეს და მის პოსტზე ზიდანი მოიყვანეს.
ასე რომ, “რეალმა” ლა ლიგის 17 ტურში უფრო მეტი ქულა დაკარგა, ვიდრე მთელ გასულ ჩემპიონატში: 22 დაკარგული ქულა (5 ფრე და 4 მარცხი) 21-ის წინააღმდეგ (6 ფრე და 3 მარცხი).
იმ შემთხვევაში, თუ კვირას “ბარსელონა” “რეალ სოსიედადის” დამარცხებას შეძლებს, ზიზუსა და ერნესტო ვალვერდეს გუნდებს შორის არსებული სხვაობა 19 ქულას შეადგენს. ამ ეტაპზე მსგავსი ჰანდიკაპი აქამდე არ დაფიქსირებულა.
“რეალი” 2009 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა ლა ლიგის ზედიზედ ორ საშინაო მატჩში (“ბარსელონა” – 0:3; “ვილიარეალი” – 0:1).
ამასთანავე, ბოლო 11 წელიწადში პირველად მოხდა, რომ “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა. მაშინ დედაქალაქელებმა “ლევანტესა” (0:1) და “ბეტისს” (0:0) ვერ გაუტანეს.
“რეალის” არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს ამ დროისთვის 4 გოლზე მეტი გატანილი (კრიშტიანუ რონალდუს, ისკოსა და ასენსიოს 4 აქვთ) – ეს პირველი შემთხვევაა ლა ლიგის ისტორიაში. შარშან, ამ დროისთვის ეს 5 ფეხბურთელს ჰქონდა 4-ზე მეტი გოლი გატანილი მადრიდელთა ბანაკიდან.
მეორე ტაიმში გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის “რეალს” საშინელი თანაფარდობა აქვს – 9:11. ბოლო ხუთი მატჩია, რაც ზიზუს ბიჭებს მეორე ტაიმში საერთოდ ვერ გააქვთ გოლი.
“ვილიარეალმა” ისტორიაში პირველად მოიგო “სანტიაგო ბერნაბეუზე” – აქამდე მათ ანგარიშზე 12 მარცხი და 5 ფრე იყო.
ამ მატჩში “რეალმა” მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმების რეკორდი დაამყარა (28) ლა ლიგაში, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ტაიმში “ვილიარეალზე” მეტჯერ “რონალდუმ” დაარტყა (11-10), მაგრამ ანგარიში მაინც 0:1 დაფიქსირდა.