მადრიდის “რეალმა” ნეიმართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა
მადრიდის “რეალი” ესპანური ტელევიზიის TVE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
TVE-ს ცნობით, “სამეფო კლუბმა” “პარი სენ-ჟერმენს” ნეიმარის სანაცვლოდ 310 მილიონი ევრო შეთავაზა, თუმცა პარიზული კლუბიდან პასუხი ჯერ არ მიუღია. ასევე, ტელევიზია იუწყებოდა, რომ “რეალი” ბრაზილიელ ფეხბურთელს 7-წლიან კონტრაქტს გაუფორმებდა და სეზონში ხელფასის სახით 45 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
“გვინდა, ტელევიზია TVE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ და განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მადრიდის “რეალს” არც “პარი სენ-ჟერმენისათვის” და არც თავად ფეხბურთელისათვის შეთავაზებით არ მიუმართავს.
მადრიდის “რეალი” გაკვირვებულია, რომ ტელევიზიამ ცრუ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა, ისე, რომ არცერთ მხარეს არ დაკავშირებია”, – ვკითხულობთ “რეალის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.