მაისის ბაშოსთვის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა
იაპონური სუმოს ასოციაციამ ორიოდე დღის წინ განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლითაც სუმოისტები მოახლოვებულ ნაცუ (მაისის) ბაშოზე იასპარეზებენ.
თითქმის 5 პოზიციით დაქვეითდა რეიტინგში ჩვენი გაგამარუ. როგორც გახსოვთ, ქართველი გოლიათი წინა ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით ირჯებოდა, თუმცა 6-9 ბალანსით დასრულებული ტურნირის გამო მაისის ბაშოზე იგი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირად იასპარეზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაგას ფაქტიურად უცილობელი კაჩი-კოში ესაჭიროება რათა მაკუუჩიში ადგილი შეინარჩუნოს.
რანგით მე-3, მაკუშიტას დივიზიონში გაჩემპიონებულმა ტოჩინოშინმა მთელი 49 პოზიციით აიწია რეიტინგში და ნაცუ ბაშოზე დივიზიონის მე-6 ნომრად წარსდგება. შესაბამისად, ლევან გორგაძეს იმის შანსიც ექნება, რომ პირდაპირ ჯურიოს დივიზიონში გადმოსასვლელად იბრძოლოს და სეკიტორის სტატუსი დაიბრუნოს. ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ტოჩი კიდევ ერთხელ გახდება მაკუშიტას ჩემპიონი, მაშინ ივლისში მას უკვე ჯურიოში ვიხილავთ.
ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა განახლებულ ბანძუკეში – იოკოძუნათა რაოდენობამ ოძეკების რაოდენობას გადააჭარბა. როგორც იცით, წინა ბაშოს გამარჯვებულ მონღოლ სეკიტორ კაკურიუს იოკოძუნას ტიტული მიენიჭა და ახლა უკვე ერთბაშად 3 იოკოძუნა ყავს სუმოს და თანაც სამივე მონღოლი. შესაბამისად, მხოლოდ ორი ოძეკი დარჩა განახლებულ რეიტინგში იაპონელთა დუეტის, კისენოსატო-კოშოგიკუს სახით. თუმცა, გასული ბაშოს ვიცე-ჩემპიონ, იაპონელ სეკივაკე გოეიდოს საკმაოდ კარგი შანსი აქვს ოძეკად დაწინაურებს. თუკი იგი ისეთივე წარმატებით იასპარეზებს მოახლოვებულ ტურნირზე, როგორც იგი მარტში გამოვიდა ოსაკაში (12-3), მაშინ მას სავარუდოდ ოძეკის წოდებასაც მიანიჭებენ.
32 წლის ასაკში პირველად მოიპოვა კომუსუბის ტიტული იაპონელმა იოშიკაძემ. იგივე გააკეთა მისმა თანამემამულე ჩიოოტორიმაც, თუმცა ეს უკანასკნელი, შედარებისთვის, მხოლოდ 21 წლის გახლავთ.
ნაცუ ბაშო 11-დან და 25 მაისის ჩათვლით ჩატარადება და მას ტრადიციულად ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.
ამირან ურუშაძე