“მალაგას” მარკოს ლორენტეს გაფორმება ისევ უნდა
“მალაგა” წელს ლა ლიგა სანტანდერში ძალიან ცუდად გამოიყურება. კლუბი 15 ტურის შემდეგ, 11 ქულით ბოლოს წინა, მეცხრამეტე ადგილზეა. მთავარ მწვრთნელს, მიჩელს გაძლიერება სურს და ნახევარდაცვისთვის მიზანში მადრიდის “რეალის” საყრდენი, მარკოს ლორენტე ჰყავს ამოღებული.
მიუხედავად იმისა, რომ მალაგელებმა ვეტერანი მოთამაშე, მანუელ იტურა დაიმატეს, მათ მაინც უნდათ 22 წლის ფეხბურთელის იჯარით გადაბირება. თავის მხრივ, ლორენტეს სათამაშო დრო არ ეძლევა. ზინედინ ზიდანს, მარკოსამდე, კაზემირო და მატეო კოვაჩიჩი ჰყავს და მათ იყენებს. შესაბამისად,თავად სპორტსმენისთვის, “მალაგაში” გადასვლა და გუნდის პრიმერა დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლა კარგი ვარიანტი უნდა იყოს.
თუმცა, პრობლემა, მაგალითად, ხელფასია. ლორენტეს აღნიშნულ გუნდში უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე “რეალში” აქვს.
აქვე გეტვყით, რომ “ბლანკოსის” ყოფილ ფეხბურთელსა და “მალაგას” ამჟამინდელ მწვრთნელს, მიჩელს ძალიან მოსწონს ბორხა მაიორალიც და მისი არენდით აყვანაზეც ფიქრობს.