მალდინი: “მილანს” სიყვარულის გამო ვაკრიტიკებ”
“მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას არა მტრული დამოკიდებულების, არამედ “როსონერის” სიყვარულის გამო აკრიტიკებს. მალდინიმ რამდენიმე დღის წინათ აღნიშნა, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ფეხბურთში ვერ ერკვევა.
“თუ “მილანს” ძველი დიდების” დაბრუნება სურს, მას სისუფთავე, იდეები და ინვესტიცია სჭირდება. კლუბს სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ფეხბურთში ერკვევა და ასეთები დღეს “მილანში” ცოტანი არიან. გალიანი შესანიშნავი ხელმძღვანელია, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, საჭირო დონეზე ვერ ერკვევა. მან უფრო მეტად უნდა დააფასოს ფეხბურთელები”, – ციტირებს მალდინის სიტყვებს Football Italia.
იტალიურ გრანდებიში ლეგენდარული ფეხბურთელების დაფასება იციან. პაველ ნედვედი ტურინის “იუვენტუსის” სტრუქტურაში მუშაობს, ხავიერ ძანეტიმ კარიერის დასრულების შემდეგ კი მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. აი, პაოლო მალდინისთვის კი “მილანში” ადგილი არ მოიძებნა.
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს მხარს უჭერს.
“მილანში” გავიზარდე, მაგრამ მთავარია, რომ მე დამოუკიდებლად ვაზროვნებ. ვიცი, ბევრად ადვილია იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რა ხდება სინამდვილეში. “მილანს” იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ძალიან მიყვარს. მოხარული ვიქნებოდი გადამეხადა ის სიკეთე, რაც ამ კლუბმა მომიტანა. არ მინდა, რომ ჩემი სიტყვები პრობლემების მომტანი გახდეს. პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კი სხვა არჩევანს აკეთებს.
ადვილი არ არის ისეთი კლუბის ჩაბარება, როგორიც “მილანია”, რომელსაც დიდებული წარსული და მუზეუმში უამრავი ტიტული აქვს დაბინავებული. არ ვთვლი მართებულად გუნდში ახალბედა მწვრთნელების მოყვანას, რადგან ეს დიდი რისკია, მიუხედავად იმისა, რომ კლარენს ზეედორფს რაღაც შედეგები ჰქონდა. “მილანს” სჭირდება ისეთი კაცი, რომელიც გუნდს შეაჯანჯღარებს და მიხაილოვიჩი სწორედ ასეთი მწვრთნელია”, – აღნიშნა მალდინიმ.