“მალე, საქართველოს ნაკრების მთავარი თავსატეხი დაცვა იქნება”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცოგოვინასთან თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის საკვანძო ფეხბურთელები, კაშია და ლორია არიან.
“დაცვას ყოველთვის სჭირდება სტაბილურობა. მეკარე და დაცვა არის რგოლი, სადაც ხშირი ცვლილება არ შეიძლება. ურთიერთდაზღვევა და კომუნიკაციაა საჭირო. კაშია და ლორია, ორივე ყველაზე დიდი საკვანძო ფიგურაა. ჩემი აზრით, ლორია ყველა დროის საუკეთესო ქართველი მეკარეა. კაშია ძალიან დიდ როლს თამაშობს, ყველა ორთაბრძოლაში შედის, მაგალითია სხვებისთვის. ბიჭებმა კიდევ უფრო მეტი აგრესიულობით უნდა ითამაშონ დაცვაში და უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო. როცა ლორია და კაშია წავლენ, ეს სამწვრთნელო შტაბისთვის დიდი თავსატეხი იქნება”, – განაცხადა ცხადაძემ.
ალბანეთთან ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი იდგება, რომელიც ლორიას პირველ შემცვლელად მიიჩნევა. 34 წლის კაშიას შემცვლელი კი ჯერ არ ჩანს.