მამარდაშვილი 1 მილიონი, გაგნიძე 300 ათასი ევრო – რატომ მიდიან ქართველები რუსეთში?
ეკატერინბურგის “ურალში” მოთამაშე 2 ქართველი, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსეთიდან წამოიყვანა.
გაგნიძეს “ურალში” ხელფასის თვეში 25 ათასი ევრო ჰქონდა ანუ წელიწადში 300 ათასი ევრო. ლუკა 19 წლის უნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან დიდი პერსპექტივით. მიუხედავად ამისა, რთული წარმოსადგენია ისეთი ჩემპიონატი, რომელშიც 18-19 წლის ბიჭს 25 ათას ევროს გადაუხდიდნენ, რა თქმა უნდა, ტოპ 5-ის გარდა.
ტოპ 5-ში გვყავს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც “ვალენსიასთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ხელფასის სახით წელიწადში ერთ მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. არადა, “ვალენსიას” ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და ლა ლიგაში მე-9 პოზიცია უკავია, თვითონ მამარდა კი თავიდან მე-2 ლიგის მეკარედ აიყვანეს.
რუსეთის ბაზარი უკვე დასრულდა. ქართველ ფეხბურთელებს მალე ვეღარც მაღალ ხელფასს ან ევროტურნირებზე გასვლის საშუალებას შესთავაზებენ. მათთვის თითქმის ყველაფერი დამთავრებულია. აზრი აღარ აქვს რუსეთში დარჩენას ან წასვლას. სანქციებამდეც კი, ქართველი მოთამაშეები მაინც სცოდავდნენ, როცა ჩრდილოეთში მიდიოდნენ.
25 ათასს 18 წლის ბიჭები ცოტა საშუალო დონის ევროპული კლუბი თუ გადაუხდის, მაგრამ არანაკლებ სოლიდური ხელფასებია ავსტრიაში, უნგრეთში ან თუნდაც, პოლონეთში. და თუ ქართველი ტოპ 5-ში მოხვდება, გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე ამას რუსეთში მოახერხებდა.
მორჩა ის დრო, როცა “სპარტაკს” ჯანოსთვის 2 მილიონის გადახდა შეეძლო. ახლა შეუძლია ბევრი გაუფასურებული რუბლის შემოთავაზება.
ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას დადებითი აქვს – საბოლოოდ ჩამოიშალა ქართველებისთვის რუსული ბაზარი, საიდანაც წესიერ გუნდში არცერთი ქართველი არ წასულა.
მაგალითად და მიზნად კი მამარდას აღება შეიძლება, რომელიც “რეალს”, “ბარსელონას” ეთამაშება და კარგ ანაზღაურებასაც იღებს.