მამები და შვილები – მარადონები
მამა – დიეგო არმანდო მარადონა შვილი – დიეგო არმანდო მარადონა სინაგრა
დიეგო მარადონა არასდროს აღიარებდა არაკანონიერ შვილს, რომელიც 1986 წელს ნეაპოლელი კრისტინა სინაგრასგან შეეძინა. თავდაპირველად, არგენტინელი ფეხბურთელი მამობის დადგენის პროცესში დე ენ ემ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდა, რის შემდეგაც იტალიურმა სასამართლომ ბავშვს მამის გვარის ტარების უფლება მისცა. გარდა ამისა, მარადონას ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
2003 წლის მაისში, როცა მარადონა იტალიის ქალაქ ფიოჯიში გოლფს თამაშობდა, მასთან მარადონა-უმცროსი მივიდა. არგენტინელი მინი-ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობის დატოვება დააპირა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შვილთან ისაუბრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გამომშვიდობებისას მარადონა ბიჭს გადაეხვია და გადაკოცნა კიდეც, თუმცა ვერც ამ და ვერც მომდევნო შეხვედრებმა ფეხბურთის ღმერთზე გავლენა ვერ მოახდინა. 2005 წლის ოქტომბრის თვეში მარადონამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა:
“თანხმობა არ ნიშნავს მიღებას. ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც სიყვარულის ნაყოფია. მათ დალმა და ჯანინა ჰქვიათ. წარსულში დაშვებულ შეცდომებს თანხობრივად ვანაზღაურებ. სასამართლომ იძულებული გამხადა, მას ფული გადავუხადო (1998 წელს მარადონას სინაგრას მიმართ 221 ათასი დოლარის ვალი დაუგროვდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სასამართლოს მიმართა. – ავტ.), მაგრამ ის ვერ მაიძულებს, რომ ბავშვი შევიყვარო”.
დიეგო მარადონა სინაგრა მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, თუმცა პლაჟის ფეხბურთში. 2008 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც გახდა. მიუხედავად ამისა, 27 წლის მოთამაშე არ კარგავს იმედს, რომ მწვანე მოედანზეც შეძლებს თავის წარმოჩენას.
ბექა დოგრაშვილი