მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს“ გამოაკლდა
საქართველოს სარაგბო ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ-14-ის განვლილ ტურში, „ბორდოსთან“ გამართულ მატჩში (28–23) ფეხის ტრავმა მიიღო და „ბორჯღალოსნებს“ ბელგიასთან გასამართ ერთა თასის შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გორგოძე ვერც მეორე ტურში, პორტუგალიასთან სტუმრად გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად ნაკრებში გამოძახებულია თბილისის „ლოკომოტივის“ მესამეხაზელი გია ბერიშვილი.
ხვალ, 29 იანვარს „ბორჯღალოსნები“ 2014 წლის პირველ ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და ის 15:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარს შეადგენს.