მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს
ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში დაადასტურა.
“ტულონთან” კონტრაქტი 30 ივნისს დამისრულდება და კარიერასაც ვამთავრებ. ჯერ-ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ რაგბში დარჩენას არ ვაპირებ. თუმცა, გვერდიდან ყოველთვის დავრჩები ჯარისკაცი. რაც შემეძლება, ყოველთვის რაგბის სამსახურში ვიქნები”, – ამბობს გორგოძე.
ვეტერანმა მორაგბემ კომენტარი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა:
“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტოპ 14 როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერის ბოლოა და ზოგი მეუბნება, რომ ასე დასრულებას არ ვიმსახურებ, მთავარია, კორონავირუსი დავამარცხოთ, ხალხი არ დაიღუპოს და არ გაწვალდეს. რაგბი და სპორტი მეორე პლანზე გადავიდა. ჯერ მთავარია საქართველო და ჩემი ოჯახი იყოს კარგად. ძალიან გვტკივა გული მთელ ოჯახს, ინფორმაციას არ ვტოვებთ. დამიჯერეთ, როცა შორს ვართ, ძალიან რთულია. გვინდა, რომ ჩვენ ხალხს მორალურად გვერდში დავუდგეთ.”
გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. გულშემატკივრის დიდი თხოვნის შემდეგ, მან “ბორჯღალოსნების” მაისური ისევ მოირგო და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა.