მამუკა გორგოძე: “საქართველოს ნაკრებზე უარი არასოდეს მითქვამს”
12 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სოჭში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებს”, რაგბის კავშირსა და “ტულონს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მამუკა გორგოძე დააკლდება.
მოულოდნელად, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს “გორგოძილამ” ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი თქვა. ამ თემასთან დაკავშირებით, 31 წლის მორაგბემ კომენტარი გააკეთა.
“საუბრობენ, რომ რუსეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისათვის არ ჩამოვედი. ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება შედგა – მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.
საქართველოს ნაკრებზე უარი არასოდეს მითქვამს. ეს ლამაზი არ არის. თერთმეტი წელია საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ. ვფიქრობ, ამაზე საუბარი ზედმეტია”, – უთხრა გორგოძემ რუსთავი 2-ს.