მამუკა კვარაცხელია: 14 სექტემბერს ქართული ფეხბურთის ბედი უნდა შეიცვალოს!

სფფ–ს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ მორიგი პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“ გამართა და სიახლეები მოგვაწოდა:
მამუკა კვარაცხელია:
_ ფეხბურთის ფედერაციიდან ინკოგნიტო პიროვნებამ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფას სფფ–სგან უკვე გაეგზავნა წერილი სიჭინავას გადადგომის ცრუ მიზეზების შესახებ და როგორც წინა პრესკონფერენციაზე დაგპირდით, გადავწყვიტე თავადაც გავუგზავნო საპასუხო წერილი უეფას. ფედერაციის და სიჭინავას სიცრუე ძირშივე უნდა აღმოიფხვრას! შეგახსენებთ რა ვთქვი მე 5 სექტემბერს: ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ ყველა კლუბს გაეგზავნოს მიმართვა, ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე. მომავალში თუ სახელმწიფო კლუბებს ფულს გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ – მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და კლუბებს იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გასაგზავნი მიმართვა.
და აი რა მოიტყუა ბატონმა ზვიადმა ორი დღის შემდეგ, 7 სექტემბერს: პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს (ალბათ არჩევნებს გულისხმობს მ.კ.). ეს არასწორად მიმაჩნია და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას ბატონი საშა ჩივაძე შეასრულებს!
ჩემი წერილი ჩემი სიმართლის გარდა ასაბუთებს იმასაც, თუ რატომ არ აძლევს ფედერაცია წევრობას მისსავე კლუბებს, გარდა ამისა დაწვრილებით მაქვს აღწერილი მომავალ არჩევნებში სფფ–ს წესდებისა და სხვა დარღვევების შესახებ.
კიდევ ერთი საკითხი: როგორც გითხარით, გითხარით გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაარღვია ფედერაციის წესდების მეხუთე მუხლის მე-16 პუნქტი და გამგეობასთან შეუთანხმებლად ერთპიროვნულად წარადგინა სფფს პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე და ყრილობის დელეგატად კი – გოჩა ტყებუჩავა. მოვიპოვე გუშინდელი, 10 სექტემბრის ოფიციალური განცხადება საჯარო რეესტრიდან, სადაც შავით თეთრზე წერია: პრეზიდენტს არ გააჩნდა უფლებამოსილება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება ფედერაციის უმაღლესი ან/და ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
რაც კი იმას ნიშნავს, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ანულირებულია.
მერამდენედ ვლაპარაკობ სფფ–ს ეთიკის კოდექსზე. კერძოდ, მესამე და მეხუთე მუხლები პირდაპირ კრძალავს დაინტერესებულ პირთა დელეგატად მივლინებას. მე უკვე ოფიციალურად მოვიპოვე საჯარო ინფორმაცია და აღმოვაჩინე, რომ რეგიონულმა ფედერაციებმა თუ სფფ–ს სხვა წევრებმა კი მინიმუმ 5 ისეთი დელეგატი მიავლინეს ყრილობაზე, რომლებიც ოფიციალურად ხელფასს იღებენ ფედერაციაში! კატეგორიულად ვაცხადებ – მათ არ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება! მითუმეტეს გოჩა ტყებუჩავას, რომლის დანიშვნითაც გურიის რეგიონული ფედერაციის წესდებაც დაარღვიეს და სფფს ეთიკის კოდექსი ხომ სულ გააცამტვერეს!
და ბოლოს: ქართველ გულშემატკივარსა და კლუბების ხელმძღვანელებს მივმართავ – შესაძლოა 14 სექტემბერი გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ვგულისხმობ სფფ–ს აღმასკომის ორშაბათის სხდომას, 15 საათზე რომ გაიმართება, რომელმაც უნდა მიმართოს სფფ–ს ყრილობას 3 ოქტომბერს – მიიღოს ან არ მიიღოს ქართული კლუბები სფფ–ს წევრებად. საჭიროა კლუბებიც გამოცხადდნენ აღმასკომზე, დაუსაბუთონ მის წევრებს სიმართლე და ერთად ვნახოთ რისთვის ჰყავს სფფს აღმასკომი – საკუთარი კეთილდღეობისა თუ ქართული ფეხბურთისთვის წინსვლისთვის! თუ აღმასკომი გადასცემს ყრილობას ამ საკითხს, მაშინ რა უფლებით არ უნდა მიიღონ წევრად ყრილობაზე საკუთარი კლუბები? მე ბევრ მათგანს ვესაუბრე, ვინც უკვე შეიტანა განცხადება სფფში და ფაქტიურად ყველა სფფ–ს წარდგენილი კანდიდატურის მოწინააღმდეგეა. ეს კი ავტომატურად 3 ოქტომბრის ყრილობაზე არჩევნებში დელეგატთა ხმათა მატებისა და სფფ–ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უეჭველ დამარცხებას მოასწავებს!