მამუკა კვარაცხელია: ქართული ფეხბურთის აბუჩად აგდებას არავის ვაპატიებ

დიდი რეზონანსი მოჰყვა გუშუნდელ აღმასკომის სხდომას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ.
_ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაჩინა წერილი, რომელიც უეფადან მოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ სახელმწიფო ჩაერევა ფედერაციის არჩევნებში, დაუყოვნებლივ ეცნობოს მათ. არადა, ამას ვიძაით პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი. სამაგიეროდ, ჩვენ არ ვიცით რა ეწერა ფედერაციიდან გაგზავნილ წერილში, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამის გამო, უეფაში მეც გავაგზავნე ყველა ის დარღვევა, რომელსაც ფედერაცია ახორციელებს არჩევნების წინ.
თვალს ვერ დავხუჭავთ ეთიკის კოდექსის დარღვევაზე. ხმის მიმცემი 35 დელეგატიდან 10 ხელფასს იღებს ფედერაციაში. კიდევ 9 დელეგატს 100 %-იანი დაფინანსება აქვს ფედერაციიდან. ეს არამარტო ეთიკის კოდექსის დარღვევა, არამედ ინტერესთა კონფლიქტიც არის. გუშინ უარი უთხრეს კლუბებს გაწევრიანებაზე. არადა, ისინი მხოლოდ იმის გამო არ გააწევრიანეს, რომ ეს თავად ასე სურდათ.
7-მა კლუბმა უკვე შეიტანა რიგგარეშე ყრილობის ჩატარების განაცხადი. ეს მოხდა 3 სექტემბერს, რადგან მისი ამოწურვის ვადა ზუსტად არჩევნების წინა დღეს იწურება. თუ მანამდე რიგგარეშე ყრილობა არ ჩატარდა, აუცილებლად ეცნობება ამ დარღვევის შესახებ ფიფასა და უეფას და კლუბებს ამაში მე დავეხმარები, რადგან თავად ვარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ქართული ფეხბურთზე გული შემტკივა და მის აბუჩად აგდებას არავის შევარჩენ, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.