პოგბა „მანჩესტერ სიტიში“?
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არაა საკუთარი შემადგენლობა “ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელით გააძლიეროს.
არსებული ინფორმაციით, “ქალაქელები” 20 წლის ნიჭიერი მოთამაშის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. აღსანიშნავია, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონები მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ, რომლის ვადაც მომდევნო ორი წელია ძალაში. მიმდინარე შეთანხმების მიხედვით, ფრანგის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 900 ათას ევროს შეადგენს.
ჭორების მიხედვით, ახალგაზრდა ნახევარმცველის აგენტი მინო რაიოლა, მისი კლიენტის სხვა კლუბში გადასვლას არ გამორიცხავს, თუკი “იუვენტუსის” წარმომადგენლობა “ახალი და კეთილი კონტრაქტის” შეთავაზებას დააგვიანებს.
შეგახსენებთ, პოლ პოგბა ტურინში 2012 წლის ზაფხულში, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. ამ დროის მანძილზე, მან 36 მატჩის ჩატარება მოასწრო და შვიდი ბურთის გატანა შეძლო. ასევე, საფრანგეთის ნაკრებში მისი დებიუტი უკვე შედგა.
სანდრო საპანაძე