„მან სიტი” – ჟულიო სეზარი ჰარტის შემცვლელად
ბრიტანული „გარდიანის” ცნობით, „მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის ძებნას შეუდგება, რომელიც პერსპექტივაში გუნდის ნომერ პირველ კიპერად უნდა იქცეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჯო ჰარტის მიმართ ნდობა სრულად დაკარგა და ამას ბოლო მატჩებიც ამტკიცებს – ინგლისელი მეკარე უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა.
წყაროს ცნობით, მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის” სამიზნე „ქუინს პარკ რეინჯერსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ჟულიო სეზარი გახლავთ. 34 წლის კიპერს ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშების არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ის გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.